რატი იონათამიშვილი - სარჩელში მოცემული პარტიები აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს პოლარიზაცია, სწორედ ამ სამმა პარტიამ გამოუცხადა ომი საქართველოში დემოკრატიასა და კონსტიტუციას
რატი იონათამიშვილი - სარჩელში მოცემული პარტიები აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს პოლარიზაცია, სწორედ ამ სამმა პარტიამ გამოუცხადა ომი საქართველოში დემოკრატიასა და კონსტიტუციას

თან საუბარია, კონსტიტუციას ვინც დაარღვევს, პასუხი უნდა აგოსო და თან ამბობენ, პარტიები საკონსტიტუციო სასამართლომ თუ აკრძალა, პოლარიზაცია გაიზრდებაო. ამ დროს პირიქითაა, რადგან ეს პარტიები აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს პოლარიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუიშ გრაჩას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნებისმიერმა პირმა, რომელმაც დაარღვია კანონი ან კონსტიტუცია, უნდა აგოს პასუხი სამართლიანი, გამჭვირვალე წესით, თუმცა მრავალი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პერსპექტივა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ სიჯანსაღესთან დაკავშირებით“.

იონათამიშვილის შეფასებით, ხსენებული სამი პარტიის აკრძალვა სწორედ პოლარიზაციას დაასრულებს.

„მეორე მხრივ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს სამი პარტია, პოლიტიკური აგენტურული ჯგუფებია ის, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და საქართველოს კონსტიტუციას ომი გამოუცხადეს. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში ნამდვილად უნდა დამდგარიყო და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაც ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნება მიღებული“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.