რატი იონათამიშვილი - საქართველომ მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას, გარე სპიკერებს ქართველ ხალხთან და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი
რატი იონათამიშვილი - საქართველომ მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას, გარე სპიკერებს ქართველ ხალხთან და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი

გვახსოვს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებისგან როგორი მასირებული შტურმი იყო საქართველოს წინააღმდეგ, საქართველომ კი მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარე სპიკერებს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი.

„გვახსოვს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებისგან როგორი მასირებული შტურმი იყო საქართველოს წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს შტურმი ყოველ ჯერზე კოორდინირებული და შეთანხმებული იყო, სადაც ჩართული იყვნენ ე.წ. პოლიტიკური პარტიები და მათი გარე პატრონები ევროპული სტრუქტურებიდან. დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, საქართველომ მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას. ამიტომ გარე სპიკერებს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი, ხოლო შიდა აქტორებს, რომლებიც ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვიან, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, პოლიტიკაში რჩებოდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც დევიდ ო’სალივანი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.