რატი იონათამიშვილი - სამართლებრივად სწორია, რომ მტკიცების ტვირთი იყოს არა მსხვერპლზე, არამედ ცილისმწამებელზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რამე, რაც შეიძლება, ადამიანმა იკადროს
სამართლებრივად სწორია, რომ მტკიცების ტვირთი იყოს არა მსხვერპლზე, არამედ ცილისმწამებელზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რამე, რაც შეიძლება, ადამიანმა იკადროს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსები, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევიან, რომ მათი მიზანი დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაა.
„მთავარი პრინციპი, რაც იცვლება, არის, რომ, როცა ერთი ადამიანი მეორეს ცილს სწამებს, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი იმაზე გადადის, ვინც კადრულობს და ცილს სწამებს. ადამიანურად, მორალურად და სამართლებრივად სწორია, რომ ტვირთი იყოს არა მსხვერპლზე, არამედ ვინც ცილისწამებას ახორციელებს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რამე, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს. თუ შევხედავთ, ამას ვინ აპროტესტებს, ამით, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენებას იძლევიან პოლიტიკოსები და პარტიული მედიები, რომ მათი მიზანია არა საზოგადოების ინფორმიერება, არამედ დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.