რატი იონათამიშვილი - მთავრობას მყისიერი პასუხი ჰქონდა და სალომე ზურაბიშვილმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ სტრასბურგში გამგზავრების უფლება დროზე არ მისცეს, რეალობის დამალვა იკადრა
რატი იონათამიშვილი - მთავრობას მყისიერი პასუხი ჰქონდა და სალომე ზურაბიშვილმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ სტრასბურგში გამგზავრების უფლება დროზე არ მისცეს, რეალობის დამალვა იკადრა

მთავრობას მყისიერი პასუხი ჰქონდა და პრეზიდენტმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება დროზე არ მისცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  მთავრობას პრეზიდენტისთვის ხელი არ შეუშლია.

„პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადების გაკეთება რატომ დასჭირდა, ამაზე ვერ ვუპასუხებ. მიზანშეწონილი არ არის, მის მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრო. ფაქტები უტყუარია, დანარჩენს საზოგადოება შეაფასებს. პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია. სხვა მხრივ, რატომ ვერ გაემგზავრა, ეს ჩემი საქმე არ არის. ხელოვნური გაჭიანურება არ მომხდარა, რადგან მთავრობას ერთი დღეც არ დასჭირდა პასუხისთვის. პრეზიდენტი რა დელეგაციით და რა მიზნებით მიდიოდა, ეს საინტერესო დღეს აღარ არის. საინტერესოა ზუსტად ის, რომ პრეზიდენტმა რეალობის დამალვა იკადრა და სხვა მიზეზი დაასახელა, რაც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო რამდენიმე წუთში გახდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო ვიზიტი სტრასბურგში. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.