რატი იონათამიშვილი - სააკაშვილმა, მისმა პარტიამ არათანმიმდევრული ნაბიჯებით დაღალეს პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერები, რომლებიც ფაქტობრივად გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილმა, მისმა პარტიამ არათანმიმდევრული ნაბიჯებით დაღალეს პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერები, რომლებიც ფაქტობრივად გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას

ვისაც რა უნდა, ის დაწეროს, როგორც უნდა, ისე დაწეროს, ჩვენ ვიცით, რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევები და შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბევრი არასერიოზული და უხერხული განცხადება კეთდება და ასეთ განცხადებებზე რაიმე სახის სერიოზული პასუხის გაცემა, ჩვენი მხრიდან  მიზანშეწონილი არ იქნება. ვისაც რა უნდა, ის დაწეროს, როგორც უნდა, ისე დაწეროს, ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევები და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილის თქმით, არათანმიმდევრული ნაბიჯებით როგორც სააკაშვილმა, ასევე მისმა პარტიამ საზოგადოება, პირველ რიგში, საკუთარი მხარდამჭერები დაღალა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ცალკეულ ექიმებს, ჩვენ მათგან არაერთი დისკრიმანაციული ტერმინი მოვისმინეთ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ნიშნით, რაც მიუღებელია. ფაქტია, რომ არათანმიმდევრული ნაბიჯებით, როგორც სააკაშვილმა, ასევე მისმა პარტიამ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დაღალა, პირველ რიგში, დაღალა საკუთარი მხარდამჭერები და ამომრჩევლები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას.

ჩვენი საზოგაოდება კარგად ხედავს, რომ პატიმარი სააკაშვილის უფლებები შესაბამისი, მაღალი სტანდარტებით არის დაცული. მისი მხრიდან ნებისმიერ ულტიმატუმზე საუბარი არის ძალიან უხერხული. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსი რიტორიკა უარყოფითად მოქმედებს მის მხარდამჭერებზეც. ისინიც ხვდებიან, რომ რეალობა არის სხვა და ერთი ადამიანის კაპრიზზე მოქმედება ძალიან უხერხულია.

რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს არის იმდენად ხელოვნური და მოგონილი საკითხი, რომლისაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს არ სჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვნახავდით, რომ ისინი ამ საკითხებს გააპროტესტებდნენ. რეალურად, საწინააღმდეგო ხდება, ისინი არ უდგანან გვერდით „ნაციონალურ მოძრობას“ საპროტესტო ტალღაში“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.