რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის უზნეო, ბინძური „რიმეიკები“ ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის უზნეო, ბინძური „რიმეიკები“ ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში

ძალიან მალე, 28 ოქტომბერს, ზუსტად ჩვენი ხალხი იქნება, ვინც კიდევ ერთხელ მიგიჩენთ საკადრის ადგილს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, როგორი ილუზიაც არ უნდა შექმნან ოპონენტებმა, სააკაშვილის ბინძური „რიმეიკები“ ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს საქართველოში.

„მე არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, რადგან ჩემი ქვეყნის მომავალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ თქვენ ისე გენატრებათ ის დრო, რომ ყველაფრისთვის მზად ხართ, ოღონდ დაიბრუნოთ და დააბრუნოთ ჩვენი ქვეყანა იმ წარსულში, ამიტომ აუცილებლად უნდა გითხრათ – როგორი ილუზიაც არ უნდა შექმნათ, სააკაშვილის უზნეო, ბინძური „რიმეიკები“ ვეღარასდროს მოიკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ რომ ბედავთ, ჩვენი ხალხის სახელით ილაპარაკოთ. ძალიან მალე, 28 ოქტომბერს, ზუსტად ჩვენი ხალხი იქნება, ვინც კიდევ ერთხელ მიგიჩენთ საკადრის ადგილს, სადაც არის თქვენი ადგილი და იმ სინამდვილეს, რომელსაც თქვენ არ გინდათ თვალი გაუსწოროთ, გაიძულებთ, რომ ჩახედოთ სინამდვილეს თვალებში და მიხვდეთ, რომ თქვენი მომავალი არასდროს არ გექნებათ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკაში არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ხალხის პროგრესზე და განვითარებაზე მაღლა პირადი კეთილდღეობა დგას.

მისივე თქმით, დამნაშავე სისტემის წევრები, ბედავენ და მმართველ გუნდს იმას აბრალებენ, რასაც თავად სჩადიოდნენ.

„ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა პოლიტიკის სუფთა ხელებით კეთება? გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პოლიტიკის სუფთა ხელებით კეთება, ვალდებულებაა. ასეა იმიტომ, რომ არაფერია იმაზე წმინდა, როცა შენს საკუთარ ხალხს და შენს ქვეყანას ემსახურები, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკაში არიან ისეთები, ვისთვისაც პირადი კეთილდღეობა ხალხის პროგრესზე და განვითარებაზე მაღლა დგას. ასეთ დროს ხშირია ცილისწამება, გადაბრალება, ორმაგი სტანდარტით მოქმედება, რაც ყველაზე შორს დგას ღირსებისგან, ზნეობისგან, მორალისგან და სინდისისგან”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სისტემა კლავდა ხალხს და ამ სისტემაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი.

„სწორედ ამ დამნაშავე სისტემის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ ჩვენს პარლამენტში, ერთი ხელით გვევლინებიან ამ სისტემის მეხოტბეებად, მეორე ხელით ბედავენ და კადრულობენ დაგვაბრალონ ჩვენ ის, რასაც თვითონ სჩადიოდნენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.