რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას მიზანი ჰქონდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელი შეეშალა, ახლა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და სასოწარკვეთაში არიან
რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას მიზანი ჰქონდა, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელი შეეშალა, ახლა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და სასოწარკვეთაში არიან

რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. ახლა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და სასოწარკვეთაში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია.

„ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად პოზიტიური უნდა იყოს, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს ერთიანობის ჩვენება თანაბრად სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს ისტორიაში მთელი ეს პერიოდი შევა, როგორც ქართული ოპოზიციის შავი ლაქა, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ, ერთადერთი, რაც აჩვენა, არის დაბალი ზნეობრივი სტანდარტი. რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშალა. ახლა, როცა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და საქართველოს წინსვლას ხელი ვერ შეუშალეს, სასოწარკვეთაში არიან და უფრო მეტად არათანმიმდევრულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. მათი რიგებიდან ვინ რა გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიეღო? რადიკალურ ოპოზიციას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. დასავლეთში კაბინეტებში დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიეღო, რადგან ეს მათთვის საფრთხე იქნებოდა. თუ საფრთხედ აღიქვამენ, ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ და რომც არ აიღონ, ამაზე მათ ხალხი მკაცრ პასუხს არჩევნებზე გასცემს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.