რატი იონათამიშვილი - მოსახლეობა კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად არა
რატი იონათამიშვილი - მოსახლეობა კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად არა

რა მოტივი აქვს კერძო კომპანიის წარმომადგენელს, იქნება ეს მედია ბიზნესში თუ ნებისმიერი სხვა სახის ბიზნესმენს, ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი საკუთრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „რუსთავი“ 2-ის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მთავარი მიზანია, რომ მედია იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.

მედიათავისუფლება და თავისუფალი სიტყვა ჩვენი მოსახლეობის მონაპოვარია, რომელიც 2012 წელს მოვიპოვეთ და ამ პრინციპს დავიცავთ ბოლომდე. ვფიქრობ, დღეს, როგორც არასდროს თავისუფალია მედია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ცხადყოფს ყველა ანგარიში, რომელიც მედიაპლურალიზმს ეხება, ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენთვის და ამას აუცილებლად დავიცავთ. რა მოტივი აქვს კერძო კომპანიის წარმომადგენელს, იქნება ეს მედია ბიზნესში თუ ნებისმიერი სხვა სახის ბიზნესმენს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი საკუთრება. ჩვენ შეიძლება მხოლოდ იმ პროცესზე გვქონდეს დაკვირვება და იმაზე ვაკეთოთ კომენტარები, არის თუ არა დამოუკიდებლობა შენარჩუნებული, რადგან ეს არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი ოპონენტები ნებისმიერი მოვლენის გადატანას ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში და ყველაფერზე ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ყოველ ჯერზე აღმოჩნდება, რომ მიზანს ვერ აღწევენ, რადგან ეფუძნებიან ტყუილის ტირაჟირებას, სიცრუის გავრცელებას.  მოსახლეობა კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად არა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა დღეს განაცხადა: „გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის.