რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ხელმომწერი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ხელმომწერი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

„ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ხელმომწერი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ის, რითიც შევა „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიაში, არის სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი, სადაც გასამართლებულია მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ტყუილისა და სიცრუის გავრცელებით ცდილობს, დააზიანოს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.

„სიცრუე გამოჩნდა გამჭვირვალობის კანონის განხილვის დროსაც, როდესაც ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ. არგუმენტებს ვეძებდით ორი თვის განმავლობაში. ორი თვის შემდეგ, როგორც იქნა, ერთადერთი არგუმენტი მოვისმინეთ ადამიანებისგან და ეს არგუმენტი არის „იმიტომ“. ამის იქით მათი ვერც ფანტაზია, ვერც ცოდნა ვერ წავიდა. სინამდვილეში, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რომელიც დაცლილია შინაარსისგან და არგუმენტებისგან, მხოლოდ დეზინფორმაციით და მავნებლური კამპანიით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განცხადებით, დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს.

„ისმის კითხვა, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ დეზინფორმაციისა და მავნებლობის გამო? ამ პასუხისმგებლობას კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაექცევა. სწორედ ამ ტყუილებისა და სიცრუის გამო ჩვენი საზოგადოება ოქტომბერში სათანადო და მკაცრს პასუხს გაგცემთ თქვენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.