რატი იონათამიშვილი - დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, გვყავდეს ოპოზიცია, რომლის მთავარი ამოცანა არა სააკაშვილის ან ბოკერიას, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება
რატი იონათამიშვილი - დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, გვყავდეს ოპოზიცია, რომლის მთავარი ამოცანა არა სააკაშვილის ან ბოკერიას, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება

მთელმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ის ისტერია, რაც ოპოზიციას გააჩნია. როგორც მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ კომენტარები, რომელიც უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ, კიდევ ერთხელ მოხდა მათი რეალური სახის ლუსტრირება. თუმცა ეს არის სამწუხაროდ, მათი რეალური სახე, რომელიც ეფუძნება სიძულვილის ენას, ურთიერთშუღლსა და ბოღმის განვითარებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავს მანკიერ თვისებას არც საქართველოს პოლიტიკაში და არც საზოგადოებაში მომავალი არ აქვს. ამასთან, იონათამიშვილი ამბობს, რომ ქართული დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის ამოცანა მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება.

„ქართული დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის მთავარი ამოცანა იქნება არა სააკაშვილის ან ბოკერიას ინტერესების დაცვა, არამედ საკუთარი ამომრჩევლის, მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესების დაცვა. იმედი მაქვს, ჩვენთან მსგავსი ტიპის ოპოზიციური ძალები განვითარდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მეტად დამყარებული იმ პრინციპებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, საქართველოში პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით არის, რაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და მეგობრების მხრიდანაც დადებითადაა შეფასებული.

„პროგრესის უმთავრესი ამოცანა დემოკრატიული პრინციპების განვითარებაა. როდესაც საკუთრების უფლება, აზრისა და სიტყვის გამოხატვის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში, გარანტიებია შექმნილი როგორც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ასევე სხვა სოციალური სერვისების მისაწვდომობის მხრივ, ეს უმნიშვნელოვანესია. საქართველო პროგრესს ნებისმიერი მიმართულებით განიცდის. ეს პროცესი დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების და ჩვენი მეგობრების მხრიდან. ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადავდგათ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ევროკავშირს წევრობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართოთ.

პროექტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შექმნა, თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქართულ ეკონომიკაში. ეს პროექტები ქართულ ეკონომიკაში დღესაც ქმნიან ძალიან დადებით კონტრიბუციას და პროცესები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია არის ნამდვილად ის მნიშვნელოვანი დონაცია, რომელიც ქართულ ეკონომიკას და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ გარანტიებს ქმნის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.