რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში პრემიერისა და შს მინისტრის დაბარებას პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობად მიიჩნევს
რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში პრემიერისა და შს მინისტრის დაბარებას პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართლებრივი და სამართლიანი შედეგი დადგეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის დაბარება, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იქნება.

„ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისგან, იქნება განწირული საზოგადოების თვალში და დამაზიანებელი მათთვის, მათ შორის თუ ისინი იკადრებენ და მოითხოვენ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის დაბარებას პარლამენტში, რაც არანაირ კავშირში არ იქნება ამ საქმესთან, არამედ კავშირში იქნება მცდელობასთან, რომ დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ამას საზოგადოება არ დაუშვებს და მსგავს ნაბიჯებს არავის აპატიებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გარკვეული რეფორმების შეჩერებაზე, იონათამიშვილის თქმით, ეს არის აბსურდული ბრალდება, მით უმეტეს იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელსაც არანარი პოლიტიკური დივიდენდი არ აქვს დღეს საზოგადოებაში.

„ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, რომ ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ გუნდს ჰქონდა პოლიტიკაში, იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაესხა წყალი. ვერ შეძლეს და ეს ფუნქციაც დაკარგეს. ფუნქციადაკარგულ პოლიტიკურ პარტიებზე საუბარი საკმაოდ უხერხულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტროში პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის საქმეზე, პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ამასთან, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს დაიწყო სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში და შექმნეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა, გამკაცრდა პოლიტიკა, მათ შორის, ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში. მეზვრიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი დღეს გაჩერებულია.