რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მთლიან სპექტრს 41 პროცენტი აქვს, რაც საკმაოდ საკრალური რიცხვია
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის მთლიან სპექტრს 41 პროცენტი აქვს, რაც საკმაოდ საკრალური რიცხვია

IRI-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციის მთლიან სპექტრს 41 პროცენტი აქვს, რაც საკმაოდ საკრალური რიცხვია, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ 59 პროცენტზე ჩვენ ვიმუშავებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კვლევის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება” ყველა სხვა პარტიასთან შეფარდებით დამაჯერებლად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას მინიმუმ 50 პროცენტით უსწრებს.

„თუ იმ ხმების რაოდენობას შევაჯამებთ, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს, ეს კატეგორია ყველაზე მეტად  ,,ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს. საერთო ჯამში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად 50 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, რაც საინტერესო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5 პროცენტი, გამოკითხულთა 4 პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- 2 პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2 პროცენტი.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 1 პროცენტი.

გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

დატოვე კომენტარი