რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას ნუ ჰგონია, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე
ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
რატი იონათამიშვილი ამ სიტყვებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„რადიკალური ოპოზიცია მიეჩვია, რომ თავად დააშავებს რაღაცას და აბრალებს სხვას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული სახის სკანდალური აღიარება ვნახეთ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ნიშნისმოგებით, კმაყოფილი სახით, თქვა, რომ გულწრფელი ახალგაზრდები, 20 ივნისის ღამეს გამოიყენა და გაწირა.
ჩვენ ვნახეთ ამაზე ახალგაზრდების ჯანსაღი რეაქცია, რომლებმაც გააპროტესტეს ეს განცხადება, მაგრამ ამ რადიკალური ოპოზიციის არც ერთი ლიდერიდან, არც ერთი წევრისგან, ჩვენ არ მოგვისმენია ამ განცხადების შეფასება.
სიჩუმე, ამ შემთხვევაში, ნამდვილად თანხმობას ნიშნავს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ დღეზე ილაპარაკონ, ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.