რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმოაჩინოს
რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმოაჩინოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმოაჩინოს.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი წერეთლის განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეც გაამახვილა ყურადღება.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საკმაოდ საინტერესო წინადადებით წარსდგა ბოლო რაუნდის დროს, რაც გულისხმობდა 100 პროპორციულს და 50 მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატს.

„მნიშვნელოვანია, ჩვენს წინადადებაზე ოპოზიციის აზრი, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მათი პოზიცია. ჩვენი ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც საქართველოს ეხება, საკუთარი ინტერესების ქვეშ წარმოაჩინოს. როცა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული აქტი იქნა მიღებული, მაშინ მათი შეფასებები არ მახსოვს. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას და მაშინ, ეს ჩვენი ოპონენტებისთვის „შეუმჩნეველი“ დარჩა. ორმაგი სტანდარტია, როცა მათი მხრიდან ახლა ცალკეული კონგრესმენების წერილებზე ამხელა გამოხმარებაა. ასევე გვახსოვს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, მათ ამისი გაბათილებაც უნდოდათ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა როჯერ ვიკერის წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საშიშ ზღვარს მიუახლოვდა და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.