რატი იონათამიშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება გასულია მეგობრულ ფორმატებს მიღმა, იმედია, ბოდიშს მოიხდის
რატი იონათამიშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება გასულია მეგობრულ ფორმატებს მიღმა, იმედია, ბოდიშს მოიხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება მეგობრობის ფარგლებს სცდება.

„ეს განცხადება ცალსახად არ არის მეგობრული, რადგან ჩვენ ტერიტორიები არ დაგვიკარგავს და არ დავკარგავთ, სანამ ერთი ქართველი მაინც ცოცხალია. ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ვიბრძვით დეოკუპაციისთვის. ასეთი განცხადებები გასულია მეგობრულ ფორმატების მიღმა და სამწუხაროა. იმედია, ის ამას გაითვალისწინებს და ბოდიშს მოიხდის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეკითხვაზე, აღნიშნული განცხადება წამოცდენა იყო თუ გააზრებული ნათქვამი, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დამატებითი განმარტებები.

„თუ ეს იყო გააზრებული განცხადება, მაშინ საქმე გვაქვს რუსეთის რბილ ძალასთან, რაც მინდა გამოვრიცხო და არ მინდა, ამის სურვილი მქონდეს. თუ წამოცდენა იყო, აუცილებელია, მან დამატებითი განმარტებები გააკეთოს, რადგან ეს ემსახურება ოკუპანტის მიზნებს და არა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა​, რომ ლიეტუვაში ყველა პოლიტიკური ლიდერი ხელს აწერს, რომ სტრატეგიული მიზნებისთვის ყოველთვის ერთად დგანან. „ეს გაკვეთილი საქართველომ ვერასდროს ისწავლა. თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – აღნიშნა პავილიონისმა.