რატი იონათამიშვილი - ნებისმიერი შეთანხმება არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობის საგანი, დესტრუქციული ოპოზიციისგან ვერ ვხედავთ ვერანაირ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის წინაშეც
რატი იონათამიშვილი - ნებისმიერი შეთანხმება არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობის საგანი, დესტრუქციული ოპოზიციისგან ვერ ვხედავთ ვერანაირ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის წინაშეც

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი სახის შეთანხმება არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობის საგანი, ცალმხრივი პასუხისმგებლობა კი არ არსებობს.

„ეს უნდა გვესმოდეს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ვინც პასუხისმგებლობით უდგება საკითხებს, ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციისგან ვერ ვხედავთ ვერანაირ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის წინაშეც“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელი განცხადების შეფასებისას.

ამასთან, იონათამიშვილის თქმით, მოქალაქეები ანაწილებენ პასუხისმგებლობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წინაშე.

„რაც შეეხება ხელისუფლების გადანაწილების პრინციპს და თავად ხელისუფლებას, ქვეყნის მართვას, ცხადია, ფუნდამენტურ და მთავარ გადაწყვეტილებას ყოველ ჯერზე იღებს საზოგადოება, მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეები ანაწილებენ პასუხისმგებლობას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს კელი დეგნანმა განაცხდა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს, ერთპარტიული მმართველობა კი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი დადებითი გადაწყვეტილება იყო.