რატი იონათამიშვილი - ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, მხოლოდ დაპირებები წამახალისებელი იქნება რუსეთისთვის
რატი იონათამიშვილი - ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, მხოლოდ დაპირებები წამახალისებელი იქნება რუსეთისთვის

ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, მხოლოდ დაპირებები წამახალისებელი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს საზღვრების გაფართოება მშვიდობის გაძლიერებას ნიშნავს.

„ნატო-ს თითოეული სამიტი ახალი შესაძლებლობაა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ამას დასკვნების გამოსატანად უნდა იყენებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე ზუსტად სვამს იმ აქცენტებს, რაც საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია. ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, მხოლოდ დაპირებები წამახალისებელი იქნება ისეთი აგრესორისთვის, როგორიც რუსეთია და რომელსაც საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებს, ორიენტირებულია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე. არსებული პოლიტიკა გადასახედია იმ ჭრილში, რომ, საერთაშორისო თვალსაზრისით, ნატო-ს საზღვრების გაფართოება მშვიდობის გაძლიერებას ნიშნავს. ორი აქტორია, ვინც საუბრობს, რომ საქართველო ნატო-ს არ იმსახურებს და არ შეიძლება, ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს: საზღვარგარეთ არის რუსეთი, ქვეყნის შიგნით – რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“. მათ დღესაც გააკეთეს განცხადება, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრობას არ იმსახურებს. ამით შეურაცხყოფას აყენებენ სამხედროებს, ვეტარანებს, ვინც საერთაშორისო უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. სადამდე მიიყვანთ მათ ასეთი არჩევანი, ამას ვნახავთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.