რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერი აქციოს შოუდ, ამისთვის ნებისმიერი პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფლავდებიან
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერი აქციოს შოუდ, ამისთვის ნებისმიერი პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფლავდებიან

სასამართლო პროცესი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ყველა საპროცედურო წესები იყო თანხვედრაში კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერზე ისეთი სურათი შექმნას, რომელიც რეალურად არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველაფერი აქციოს შოუდ და ყველაფერზე ისეთი სურათი შექმნას, რომელიც რეალობაში არ არის. ამისთვის ნებისმიერი პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ, თუმცა ყოველ ჯერზე ფლავდებიან და არასდროს გამოუვათ ამ სცენარის განხორციელება. სასამართლო პროცესი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ყველა საპროცედურო წესები იყო თანხვედრაში კანონმდებლობასთან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და არ ის, რომ რაღაც შოუდ იყოს წარმოჩენილი ეს პროცესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რატომ არ დაესწრო სააკაშვილი სასამართლო პროცესს, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო საპროცესო წესების დაცვით.

„გადაწყვეტილება იყო მიღებული საპროცესო წესების დაცვით. აქედან გამომდინარე, დამატებითი კითხვები მიზანშეწონილი არ არის. მიხეილ სააკაშვილი საფრთხის შემცველი ვერასდროს ვერაფრის მიმართ ვერ იქნება ვერც ერთ კონტექსტში, ვინაიდან მას და მის პარტიას ამის რესურსი არ აქვს. თუ ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გარკვეული პროცესები საკმაოდ სწრაფ ტემპში ინიშნება, ამას აპროტესტებენ და არ მოსწონთ, რომ სწრაფ ტემპში ინიშნება, თუ ფიქრობენ, რომ შედარებით ყოვნდება, მაშინ ამას აპროტესტებენ. ამ შემთხვევაში მათი მიზანი არის, რომ ამ კონკრეტულ საქმეებზე არ იყო საუბარი და რაღაც ხელოვნურად შექმნილ სხვა საკითხებზე იყო ჩვენი ფოკუსი, რაც არასწორია. ნებისმიერი პროცესი ინიშნება მაშინ, როდესაც არის მისი მიზანშეწონილობა და როდესაც ამას სასამართლო გადაწყვეტს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.