რატი იონათამიშვილი - მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან აქვს
რატი იონათამიშვილი - მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან აქვს

ცალკეული კონგრესმენების პოზიციები შეიძლება, განსხვავებული იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და ეს თანამშრომლობა უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. თუნდაც რომ გავიხსენოთ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ამერიკის ღირსეული და თანასწორი პარტნიორი. რაც შეეხება ცალკეული კონგრესმენების განცხადებებს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, მათი პოზიციები განსხვავებული იყოს. ჩვენთვის მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გააჩნია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.