რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამობრძანდეს და იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამობრძანდეს და იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების თაობაზე იმდენჯერ თქვა და იმდენჯერ არ შეასრულა საკუთარი ნათქვამი, რომ მისი განცხადებები ძალიან უხერხულია და კომედიის ჟანრშია გადასული.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ფაქტობრივად, ათი დღის წინ, ამ ადამიანმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა.

„ამის შემდეგ, ოპოზიციამ მისი კანდიდატურა პრემიერად დაასახელა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – ცხადია, ის უნდა დაბრუნდეს, ჩამობრძანდეს და იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან – ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა. იქ ქართული მართლმსაჯულება ელოდება იმისთვის, რაც ქვეყნისა და ოჯახების წინაშე აქვს ჩადენილი. არც ამ ადამიანს და არც მის მხარდამჭერ პარტიებს იმის რესურსი არ აქვთ, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოზე რაიმე გავლენა მოახდინონ. ეს ადამიანები არიან ქართული პოლიტიკის წარსულები, მათ უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მისი კანდიდატურის დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ამ დანაშაულში მისი თანამზრახველები არიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.