რატი იონათამიშვილი - მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მაკრონის ინიციატივით განხორციელდა ზარი, ოპოზიციას თავზარი დაეცა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა
რატი იონათამიშვილი - მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მაკრონის ინიციატივით განხორციელდა ზარი, ოპოზიციას თავზარი დაეცა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა ზარი და საუბარი, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ოპოზიციას თავზარი დაეცა, ის ბოლომდე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ეს დამსახურებულად და ლოგიკურადაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას და საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებს.

„ახლა ამ ტყუილის ანაბარა რჩებიან და მათ მზაკვრულ გეგმებს საერთოდ ეცლება ნებისმიერი რესურსი. საფრანგეთის პრეზიდენტი როდესაც რეკავს, ის ესაუბრება მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც გააჩნია ლეგიტიმაცია და აქ წერტილია დასასმელი. ნებისმიერი ინტერპრეტაცია მხოლოდ სასოწარკვეთილებისა და აგონიის მაჩვენებელია და ახლა რადიკალურ ოპოზიციაში ეს ხდება. ორივე მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ ქართველი ხალხისგან მონიჭებულ ლეგიტიმაციაზეა საუბარი, არამედ ამ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი მანიპულაცია დახურულია. რადიკალური ოპოზიცია რომ რჩება ყველა პროცესის მიღმა, ამაში ცუდი არაფერი არ არის და ეს რადიკალური ოპოზიცია არ იმსახურებს იმას, რომ მხარდაჭერილი იყოს ან რაიმე ელემენტარული ნდობა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ეს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მოწინააღმდეგე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ინკლუზიური დიალოგი, პირველ რიგში, ნიშნავს საპარლამენტო ცხოვრებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას.

„რა პროპორციით უნდა იყოს, ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა უკვე განსაზღვრა. ვისაც სურს, ამას პატივი უნდა სცეს. ეს თითოეული იმ სუბიექტის ვალდებულებაა, ვინც 5%-იანი ბარიერი გადალახა და ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ათვიცნობიერებს, იმას ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, პირველ რიგში, საზოგადოების და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.