რატი იონათამიშვილი - „ლელოს“ რეკომენდაციების შესრულების ინტერესი თუ აქვს, სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა, ბრიფინგებით როცა ცდილობენ ფონს გასვლას, ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ
რატი იონათამიშვილი - „ლელოს“ რეკომენდაციების შესრულების ინტერესი თუ აქვს, სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა, ბრიფინგებით როცა ცდილობენ ფონს გასვლას, ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ლელოს“ წარმომადგენლებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ინტერესი თუ აქვთ, სამუშაო ჯგუფებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

იონათამიშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოუწოდებენ უმრავლესობას, დაუბრუნდნენ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.

„რაიმე ობიექტური ინტერესი თუ აქვთ, უნდა მოვიდნენ სამუშაო ჯგუფებში და იქ მიიღონ მონაწილეობა. ცხადია, ამავდროულად, ამისი ინტელექტუალური ან სხვა სახის რესურსი თუ აქვთ. როდესაც ბრიფინგებით ცდილობენ ფონს გასვლას, ამით ჩვენს საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, როგორც იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით პროგრესს საერთაშორისო შემფასებლები საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ.

„ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული და ობიექტური შემფასებელი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში მართლმსაჯულების ინდექსს. ის, ფაქტობრივად, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უთანაბრდება ან უსწრებს და უსწრებს ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.