სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებთ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას
სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებთ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას

ვხედავთ, რომ სრულიად პარალიზებულია დღეს ხელისუფლებისა და პარლამენტის მუშაობა. პარლამენტის, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა მუშაობდეს, მაგალითად, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილი მოუწოდებს უმრავლესობას, დაუბრუნდნენ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის ყველა მოთხოვნის შესრულება.

„ფაქტობრივად, პარლამენტში მიმდინარე კვირას არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა და ამ ფონზე, როდესაც ევროკავშირიდან ჩამოსული დელეგაციები გვეუბნებიან, დღეს რომ კეთდებოდეს შეფასება, რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, შეფასება იქნებოდა საკმაოდ მძიმე. ამ ფონზე გამოდის კახი კალაძე და ფიქრობს, რომ შანტაჟის ენით დაიწყონ საუბარი ევროკავშირთან. გუშინ რა პოლიტიკური გზავნილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, კანდიდატის სტატუსს თუ არ მივიღებთ, ამ შემთხვევაში ევროკავშირი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს გზავნილი ემატება გზავნილს, რომელსაც დიდი ხანია ტირაჟირებს „ქართული ოცნება“, თითქოს მათ ვიღაც სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას. ეს არის ურცხვი, ტყუილი პროპაგანდა.

სიმართლე არის მარტივი, ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის სასამართლო კლანის დაშლა, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელიც ძალიან მარტივად შესრულებადია, პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი „ქართული ოცნება“ და მათი მოკავშირე „ხალხის ძალა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხელს უწყობს დესტაბილიზაციას, როცა ცდილობს, ქვეყანა გადაიყვანოს სხვა გზაზე ქართველი ხალხის არჩევანიდან, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში. დღეიდან ერთადერთი განსახილველი საკითხი პარლამენტში არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. „ლელოს“ ამასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე აქვს მრავალი ინიციატივა შეტანილი. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რადგან ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე შანტაჟის ენა, ტყუილი პროპაგანდა ვერ მოგეხმარებათ იმაში, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი და ქვეყანა მაინც დარჩა სტატუსის გარეშე“, – განაცხადა სამადაშვილმა.