რატი იონათამიშვილი - კულებას განცხადება ფაქტობრივად ირიბი აღიარებაა, რომ ბრალდების უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა
რატი იონათამიშვილი - კულებას განცხადება ფაქტობრივად ირიბი აღიარებაა, რომ ბრალდების უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადება ფაქტობრივად არის ირიბი აღიარება, რომ ბრალდების უკან არანაირი არგუმენტი და დასაბუთება არ იდგა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ელემენტარული სტანდარტია, თუნდაც, დიპლომატიურ ურთიერთობებში, გარკვეული ბრალდებების დაფიქსირება როცა ხდება, ჩნდება ვალდებულება, რომ ამ მხარემ აუცილებლად წაროადგინოს გარკვეული დასაბუთებები, რას ეფუძნება ბრალდებები. როდესაც მსგავსი საკითხები არ ხდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ საკითხებს ან რაღაც ფეიკ წყაროები აქვს ან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციასთან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ამავდროულად, იონათამიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაცია იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობის მიმართ განხორციელებული პროვოკაცია.

„ბუნებრივია, რომ უკრაინის მხარეს აქვს მტკიცების ტვირთი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ვისაც გვადარდებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის უსაფრთხოება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება არა მხოლოდ საქართველოს მიმართ განხორციელებული პროვოკაცია, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობის მიმართ განხორციელებული პროვოკაციაც. ჩვენი ქვეყანა და უსაფრთხოების სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის პარტნიორული თანამშრომლობა“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.