რატი იონათამიშვილი - კოეფიციენტების მატების აკრძალვაზე გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ასევე მომავალშიც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის კა-2 კოეფიციენტის მატების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ეს არის პრინციპული და პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება დედაქალაქისა და თბილისელების საუკეთესო ინტერესებს.
ამასთან, აღნიშნა, რომ თბილისის მერის გვერდით დგანან დარგის სპეციალისტები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც კონსულტაციის პროცესში ჩართული იყვნენ.
„თბილისის მერის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგებს ვიგრძნობთ როგორც დღეს, ასევე, ბევრი წლის შემდეგაც. ეს არის პრინციპული და პროგრესული გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება დედაქალაქის და თბილისელების საუკეთესო ინტერესებს. წლების მანძილზე, თბილისში მიმდინარე ურბანულმა ქაოსმა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა და ამ პროცესს, შეიძლება ითქვას, ბოლო არ უჩანდა. ამიტომ იყო აუცილებელი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფდა სამართლებრივ ჩარჩოებს, ხოლო მეორეს მხრივ, შეუწყობდა ხელს თბილისის სწორ განვითარებას, რომელსაც ექნებოდა მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში თბილისის მერის გვერდით დგანან დარგის სპეციალისტები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ კონსულტაციის პროცესში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კოეფიციენტების მატებასა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებული პრაქტიკა.