რატი იონათამიშვილი - ხელოვნება და სიტყვის თავისუფლება საქართველოში ხელშეუხებელია
რატი იონათამიშვილი - ხელოვნება და სიტყვის თავისუფლება საქართველოში ხელშეუხებელია

ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება და სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.

„პროტესტის უფლება ყველას აქვს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს კონკრეტული გადაწყვეტილების და კონკრეტული ხელოვნების პროდუქტის მიმართ. ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება აღკვეთილი იქნება.

„ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და აღკვეთილი იქნება. მუქარა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ სტაბილურობა და უსაფრთხოება სამართალდამცველების მხრიდან, როგორც მივეჩვიეთ, ყოველთვის დაცულია. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში კი განმარტავენ, რომ ფილმის ჩვენებისას უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დატოვე კომენტარი