რატი იონათამიშვილი - კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, იმ ოჯახებთან მისულიყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე იგრძნეს მისი დანაშაულებრივი სისტემა
რატი იონათამიშვილი - კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, იმ ოჯახებთან მისულიყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე იგრძნეს მისი დანაშაულებრივი სისტემა

კარგი იქნებოდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, პირველ რიგში, იმ ათიათასობით ოჯახთან მისულიყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე იგრძნეს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისა და სისტემის შედეგები, მაგრამ მათთან მისასვლელი პირი არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, იონათამიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ მხოლოდ ასრულებს დავალებებს.

„კარგი იქნებოდა, ეს ადამიანები, პირველ რიგში, იმ ათიათასობით ოჯახთან მისულიყვნენ, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისა და სისტემის შედეგები, რომელიც აწამებდა ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ მათთან მისასვლელი პირი არ აქვთ. ხელმოწერებს შეაგროვებენ თუ სხვა გზებს მიმართავენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. ისიც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ მხოლოდ ასრულებს დავალებებს, რაც ექნება რეიტინგებიდან, იმ დავალებას შეასრულებს, მაგრამ როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ ცალკეულ აქტივისტებს, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ვერასდროს აურევენ ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს. მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანენ პოლიტიკურ განაჩენს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართა.