რატი იონათამიშვილი - კახა ოქრიაშვილის განცხადება არის კრებითი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და იმეორებს სულისკვეთებას, როდესაც აბულინგებდნენ სხვადასხვა პარტიას
რატი იონათამიშვილი - კახა ოქრიაშვილის განცხადება არის კრებითი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და იმეორებს სულისკვეთებას, როდესაც აბულინგებდნენ სხვადასხვა პარტიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომ „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოქრიაშვილის განცხადება არის იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და იმეორებს სულისკვეთებას, როდესაც სხვადასხვა პარტიას აბულინგებდნენ.

როგორც იონათამიშვილი ამბობს, თითოეული პარტიის ვალდებულებაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობა, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მისაღები არ არის, მას რადიკალური სცენარის გარდა, არაფერი აინტერესებს.

„ამ ადამიანის განცხადებებს ინტერესით არ ვეკიდები, მაგრამ ცხადია, ახლა რა მოტივაციაცაა. ეს არის კრებითი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და ზუსტად იმეორებს იმ სულისკვეთებას, როდესაც გვახსოვს, როგორ აბულინგებდნენ სხვადასხვა პარტიას, რომ მათ საკუთარ თავზე არ აეღოთ პასუხისმგებლობა, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა, როდესაც ამუნათებდნენ, რომ არ შესულიყვნენ პარლამენტში, პარტიების ნაცვლად, ისინი „პარწიუკებს“ უწოდებდნენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორ დამთავრდა მათთვის ეს პროცესები. მსგავს რიტორიკას თუ გააგრძელებენ, ჩვენი საზოგადოების მხრიდან პასუხი უფრო მტკივნეული და მწარე იქნება. მთავარი ვალდებულება, რაც თითოეულ პარტიას აქვს, არის თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ თანამშრომლობა მისაღები არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს რადიკალური სცენარის გარდა, არაფერი აინტერესებთ. სამწუხაროდ, ბატონ ოქრიაშვილს და კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს საკითხები არ ადარდებთ, არ აინტერესებთ, ვინაიდან არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში ყოფნის დროს, მათი მიზანი არასდროს ყოფილა დემოკრატიული პროცესების გაძლიერება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.