რატი იონათამიშვილი - კონგრესმენების წერილზე გიორგი გახარიას განცხადება იყო ღირსეული და სახელმწიფოებრივი
რატი იონათამიშვილი - კონგრესმენების წერილზე გიორგი გახარიას განცხადება იყო ღირსეული და სახელმწიფოებრივი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ კონგრესმენთან გვქონდეს აქტიური თანამშრომლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია და ამის საფუძვლზე დარწმუნებულები ვართ, გამოიტანენ ობიექტურ დასკვნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკელი კონგრესმენების წერილზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას განცხადება ღირსეული და სახელმწიფოებრივი იყო. განცხადებაში ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ მიუხედავად ცალკეული კრიტიკული მოსაზრებებისა, რომელიც შეიძლება იყოს გარკვეულად ტენდენციური, ჩვენ გვჯერა, ოთხიდან თითოეული კონგრესმენი არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ კონგრესმენთან გვქონდეს აქტიური თანამშრომლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძვლზე დარწმუნებულები ვართ, რომ გამოიტანენ ობიექტურ დასკვნებს, რაც ჩვენთვის ნიშნავს პოზიტიურ დასკვნებს. შეხვედრები უახლოეს მომავალში გაიმართება აშშ-ში“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

რატი იონათამიშვილის თქმით, ამერიკელი კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ერთადერთი წყარო იყო ოპოზიცია.

„ერადერთი წყარო იყო ამ შემთხვევაში ოპოზიცია. ფაქტობრივად ფორმულირებებშიც ჩანს, რადგან შეიცავს არაერთ უზუსტობას. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და ცხადია, ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაძლიერებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის კონგრესმენები, ადეკვატურ და სწორ ინფორმაციას ფლობდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა. როგორც წერილშია აღნიშნული, შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, ობიექტურად განიხილოს“.