რატი იონათამიშვილი - გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე
რატი იონათამიშვილი - გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“ გაკეთებულ განცხადებას.

იონათამიშვილის თქმით, კანონი ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც, განსხვავება კი ერთია, „იქ განიხილავენ და საქართველომ თურმე ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გაიწვიოს კანონი“.

„აბა, რუსული კანონიო? შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იმავე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ თურმე ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ. ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც. ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა“, – წერს რატი იონათამიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა: „გერმანია, ისევე როგორც ევროკავშირი, კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს, იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს კანონს“. საკითხზე საუბრისას კანცლერმა ასევე აღნიშნა: „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსფარენტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და, დიდი ალბათობით, არც იქნება“.

ამასთან, პრესკონფერენციაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი“.