რატი იონათამიშვილი - გენგეგმის დამტკიცება დედაქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა 
რატი იონათამიშვილი - გენგეგმის დამტკიცება დედაქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა 

თბილისის მთავრობის მიერ გენგეგმის დამტკიცება არის ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ერთი ნაბიჯი დარჩა, რომ დედაქალაქს გააჩნდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს

„მოხარული ვარ, რომ თბილისის მთავრობამ უკვე დაამტკიცა და საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ერთი ნაბიჯი დარჩა, რომ ჩვენს დედაქალაქს გააჩნდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს, თანხვედრაშია მოქალაქეების საჭიროებებთან და ორიენტებულია, როგორც არსებული პრობლემების გადაჭრაზე, ასევე, პროგრესზე და ურბანულ განვითარებაზე. კახა კალაძის ხელმძღვანელობით დაწყებული პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რომლის სიკეთეს ძალიან მალე ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები საკუთარ თავზე იგრძნობენ. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტისა და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად, თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტში გამოსწორებული და ასახულია ყველა ის შენიშვნა, რაც დედაქალაქის მერიას გენგეგმის პირველადი დოკუმენტის მიმართ ჰქონდა.

„კერძოდ, გამოსწორდა ზონირების ხარვეზები, დაზუსტდა ფუნქციური ზონები, გარკვეულ ტერიტორიებზე (მაგ. ვერის ხეობის მიმდებარედ) დაწესდა სამშენებლო შეზღუდვები, სხვადასხვა მიმართულებით შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას, გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას. გენგეგმის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ თბილისი მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის სწორ განვითარებას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დრეს განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. მისივე თქმით, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად.