რატი იონათამიშვილი - გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხოტბას ასხამენ დეპუტატის უღირს საქციელს, ე.წ. ჟურნალისტები, ვითომ ხელოვნების წრეების წარმომადგენლები, საზოგადოება ამასაც შეაფასებს
რატი იონათამიშვილი - გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხოტბას ასხამენ დეპუტატის უღირს საქციელს, ე.წ. ჟურნალისტები, ვითომ ხელოვნების წრეების წარმომადგენლები, საზოგადოება ამასაც შეაფასებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა ლუსტრაციისთვის, ვის რა დამოკიდებულება და მიდგომა, რა პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების მიმართ.

„ერთი მხრივ, მერვე საათია, ვხედავთ მამუკა მდინარაძის პასუხისმგებლიან საუბარს სიმართლეზე და მეორე მხარეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს უპირისპირებენ დეზინფორმაციას, უზნეობას და ტყუილს. უზნეობით, დეზინფორმაციით და სიცრუით სიმართლეს ვერასდროს გააჩერებ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, რატი იონათამიშვილმა ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საზოგადოებამ იხილა ერთი ვიგინდარა დეპუტატის უღირსი საქციელი“.

„გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ხოტბას ასხამენ მის საქციელს. ესენი არიან ე.წ. ჟურნალისტები, ვითომ ხელოვნების წრეების წარმომადგენლები. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს მათ სახელებს, პოზიციებს და ამასაც შესაბამისად შეაფასებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

იონათამიშვილის განმარტებით, მას აინტერესებს, რატომ ეშინიათ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ინფორმირებული მოქალაქის?

„რატომ ეშინიათ რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციას, რომ მოქალაქე, საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ხომ არ აქვთ მათ დასამალი იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეგონოს?“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.