რატი იონათამიშვილი - გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და, ცალკეული კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უზრუნველყოფილია
გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და, ცალკეული კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უზრუნველყოფილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.
„ცხადია, შეშფოთება საკმარისი არ არის და აუცილებელია კონკრეტული არგუმენტები დაიდოს, თუ რატომ და რის საფუძველზე შეიძლება, არ იყოს კარგი გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. ანალოგიური პროცესები სააკაშვილის შემთხვევებში გვახსოვს, როცა საქართველოდან მის გაყვანას დაჟინებით გვთხოვდნენ და ამით ქართული მართლმსაჯულებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ხდებოდა, რაც არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ არ მივაყენეთ შეურაცხყოფა კანონის უზენაესობას და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და, ცალკეული კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უზრუნველყოფილია. დარწმუნებული ვარ, ეს ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.