რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის საზოგადოების ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის
რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის საზოგადოების ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის

გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. არაფერი უნდა გაგვიკვირდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს „რუსულ სასამართლოს“ უწოდებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციისთვის საზოგადოების ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის.

„საზოგადოება უყურებს, რომ, უკვე ერთი საათია, ჩვენ განვიხილავთ ერთ ინიციატივას და ოპოზიცია ამ დროის განმავლობაში სრულიად სხვა საკითხზე სვამს კითხვებს. ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და გამჭვირვალობას და რუსულს ვერანაირი საერთო ვერ ექნებათ, მაგრამ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს „რუსულ სასამართლოს“ უწოდებენ. ეს არის ამ ადამიანების სახე. კიდევ არ მეგონა, რომ მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.