რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
რატი იონათამიშვილი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, კონფერენციის მთავარ თემას ცვალებად სამყაროში მიღწევების აღნიშვნა, მათი კონსოლიდაცია და განხორციელების შემდეგი ფაზის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
„თავის გამოსვლაში რატი იონათამიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, წლების განმავლობაში განახორციელა. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მთავარ მიღწევებს შორისაა: საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება: ახალი, ევროპული სტანდარტის კანონის მიღება შშმ პირთა უფლებების შესახებ, ფიზიკური და ვებმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონების ამოქმედება; ფინანსური და სოციალური მხარდაჭერა: სოციალური სერვისების ბიუჯეტის ხუთჯერ გაზრდა და სოციალური პაკეტის ინდექსაცია; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა: პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დანერგვა; ინკლუზია და აღიარება: ჟესტური ენის სახელმწიფო დონეზე აღიარება, ინკლუზიური განათლებისა და პარალიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვანი გაძლიერება.
პოზიტიურ რეფორმებთან ერთად, რატი იონათამიშვილმა ასამბლეის ყურადღება უმწვავეს პრობლემებზე გაამახვილა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირების მძიმე უფლებრივ კრიზისს, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მუდმივ რეაგირებას მოითხოვს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.