რატი იონათამიშვილი - ევრობიუროკრატების ინტერესში თუ შედის გარკვეული საკითხები, მზად არიან, ადამიანის უფლებები გათელონ, ამას აჩვენებს მოლდოვისა და უკრაინის შესახებ დოკუმენტიდან პუნქტების ამოღება
ევრობიუროკრატების ინტერესში გარკვეული საკითხები თუ შედის, მზად არიან, ადამიანის უფლებებიც გათელონ და კორუფციაც წაახალისონ, ზუსტად ამას აჩვენებს გაფართოების დოკუმენტიდან მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ორი პუნქტის ამოღება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე შეფასებები ამოიღო.
„ეს მიგვითითებს არა მხოლოდ ევროკავშირის კრიზისზე, არამედ კარგად ჩანს, როგორია ევრობიუროკრატების დამოკიდებულება როგორც ადამიანის უფლებების, ასევე კორუფციის რისკის მიმართ. მათ ინტერესში თუ შედის გარკვეული საკითხები, მზად არიან, ადამიანის უფლებებიც გათელონ და კორუფციაც წაახალისონ. გაფართოების დოკუმენტიდან მოლდოვისა და უკრაინის მიმართულებით ორი პუნქტის ამოღება ზუსტად იმას აჩვენებს, რომ მათ არც უფლებები აინტერესებთ და არც კორუფცია. ამიტომ, მათი სავიზიტო ბარათი უსამართლობა და უპრინციპობაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.