რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატები ფაქტობრივ ტყუილებსაც კი კადრულობენ, დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე არა თუ შეუძლებელია, ის არის ამ კონცეფციის ცენტრი და მთავარი ხერხი
ევროპულ ინსტიტუტებს და ევრობიუროკრატებს სირაქლემის პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს, ფაქტობრივ ტყუილებსაც კადრულობენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპის ხელმძღვანელი პირების მხრიდან როდესაც ტყუილები გვესმის, ეს მათი მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და პირველ რიგში, პოლიტიკურად.
„ამ ყველაფერს ამ უსამართლო თამაშებით მიაღწიეს. დასანანია, ორმაგი სტანდარტების გამო ევროკომისრები იქნებიან თუ ევრობიუროკრატები ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ ფაქტობრივი ტყუილების თქმა უხდებათ. დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე არა თუ შეუძლებელია, არამედ საქართველოა მთავარი ხერხი და ცენტრი დაკავშირებადობის მთელი კონცეფციის, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც და გეოგრაფიული მიმართულებითაც. ამიტომ, როდესაც საქართველოს როლის დაკნინება ხდება, სინამდვილეში ხდება არა საქართველოს, არამედ დაკავშირებადობის კონცეფციის დაკნინება, რაც ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ევროპის ინტერესებით რომ მოქმედებდნენ, მათი პოზიციონირება სრულიად განსხვავებული იქნებოდა, იქნებოდა ჯანსაღ სამართლიან წესებზე დაფუძნებული, მაგრამ როდესაც ევროპის წინააღმდეგ მიდიან, ფაქტია, ისინი ემსახურებიან არა ევროპელ ხალხს, არამედ იმ უცხო ძალებს, რომლებიც როგორც აგენტურას ისე მართავენ ე.წ. პარტიებს საქართველოში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.