რატი იონათამიშვილი – ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ, ამას ვერ ახერხებენ და წყობიდან გამოდიან
„ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატია არც საკუთარ ქვეყანაში ადარდებთ, არც ევროპულ სტრუქტურებში და მით უმეტეს, არც ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ევროპის სახალხო პარტიას“ ადარდებს ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობა წაახალისონ.
„ამას ვერ ახერხებენ და ეს მოცემულობაა ის, რის გამოც წყობიდან გამოდიან. რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედებებით, მოთხოვნებით და რეზოლუციებით საწადელს ვერასდროს მიაღწევენ. უბრალოდ, ჩვენს საზოგადოებას გაუადვილებენ სწორი, ობიექტური და სამართლიანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ასე გააგრძელონ, ჩვენ ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. EPP-ისთვის „ნაცები“ და მიხეილ სააკაშვილი მათი სხეულის გაგრძელებაა. ახლა რომელი სხეულის და როგორის, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ერთ სხეულს წარმოადგენენ და საქართველოს ერთნაირად მტრობენ. ამიტომ, ეს მათი მხრიდან პირველი ნაბიჯი არ არის, მაგრამ, როგორც ყველა ნაბიჯი იყო მცდარი და ამაო, ასე იქნება მომავალში მათი სწრაფვების გაბათილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა. როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, „მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე“.