რატი იონათამიშვილი - დავით გარეჯის საკითხზე მანიპულაციები უნდა დასრულდეს, ჩვენი მიზანია, მეგობარ ქვეყანასთან ეს საკითხი პარტნიორობით და მოლაპარაკებებით ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
რატი იონათამიშვილი - დავით გარეჯის საკითხზე მანიპულაციები უნდა დასრულდეს, ჩვენი მიზანია, მეგობარ ქვეყანასთან ეს საკითხი პარტნიორობით და მოლაპარაკებებით ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

დავით გარეჯის საკითხზე მანიპულაციები უნდა დასრულდეს, ჩვენი მიზანია, მეგობარ ქვეყანასთან ეს საკითხი პარტნიორობით და მოლაპარაკებებით ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ვის როგორი რეაქცია აქვს, ამით ოპოზიციის წარმომადგენლების რეალური სახე და სურვილები ჩანს.

„ოპოზიცია აცდენილია რეალობას, მაგრამ მას სინამდვილეში სხვა ზრახვები ამოძრავებს. ამ საკითხზე ვის როგორი რეაქცია აქვს, ამით მათი რეალური სახე და სურვილები ჩანს. კითხვები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, ჩვენთვის რამდენად სასარგებლო იყო 1938 წლის რუკით მოქმედება მოლაპარაკებისას და რამდენად დამაზიანებელი იყო გასული საუკუნის 70-80-იანი წლების რუკით მოქმედება. ეს არის ჩვენ შორის არსებითი სხვაობა. სხვათა შორის, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ანალოგიური დასკვნა დაიდო. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე მანიპულაციები უნდა დასრულდეს. ჩვენი მიზანია, მეგობარ ქვეყანასთან ეს საკითხი პარტნიორობით და მოლაპარაკებებით ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანის პირველი განცხადებები ამ საკითხზე. იმ ადამიანების რეაქცია კითხვებს ბადებს, ვისაც არ უხარია ახალი გარემოებების გაჩენა, სწყინთ. შესაძლოა, ვისაუბროთ იმაზე, რომ სავარაუდოდ, დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოექცევა, რაც უხარია ჩვენს მოსახლეობას. როგორც ჩანს, ძალიან სწყინს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათთვის დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე თურმე არც მანამდე ყოფილა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.