რატი იონათამიშვილი - დავით გარეჯი ეროვნული ინტერესის საკითხია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმე, საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლობა გაგრძელდება
რატი იონათამიშვილი - დავით გარეჯი ეროვნული ინტერესის საკითხია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმე, საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლობა გაგრძელდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, დავით გარეჯი ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

ამასთან, იონათამიშვილის თქმით, საკითხი ეხება ქვეყნის შიდა საქმეს და საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლობა გაგრძელდება.

„ფაქტია, რომ 1996 წელს ორი მეგობარი ქვეყნის შეთანხმება ეფუძნებოდა იმას, რომ მხარეები სწორებას აიღებდნენ 1938 წლის რუკის საფუძველზე. ფაქტია, რომ ამ რუკის მიხედვით, დავით გარეჯის კომპლექსი, მთლიანად შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რუკა გაქრა მოლაპარაკების მაგიდიდან და ცხადია, ყველას უნდა გაგვიჩნდეს საფუძვლიანი კითხვები, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები შეიცვალა, ეს რუკები მოპოვებულია, შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გასცეს დანარჩენ კითხვებს პასუხი. ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმე. საქართველოს და აზერბაიჯანის კეთილმეზობლობა გაგრძელდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.