რატი იონათამიშვილი - დარწმუნებული ვარ, გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივა იქცევა კანონად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას
რატი იონათამიშვილი - დარწმუნებული ვარ, გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივა იქცევა კანონად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ვინც ეწინააღმდეგება, დეზინფორმაციის ქვეშ იმყოფება ან ცდილობს, არეულობების პროვოცირება მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კანონი გახდება.

„ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არც აქციების ორგანიზების თავი აქვს, არც დისკუსიაში შემოსვლის და საერთოდ ოპონირების უნარიც არ აქვთ. მათ მხოლოდ  სურვილები აქვთ და ეს სურვილები არ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებთან. პირიქით, საწინააღმდეგოც კია, რადგან ეს ინტერესები მოიცავს არეულობას, რადიკალიზაციას, რევოლუციურ გეგმებს. ისინი ყველა მიმართულებით ხელმოცარული არიან. დაიმსახურეს, რომ არ ჰქონდეთ საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ფსონს მხოლოდ დეზინფორმაციასა და სიცრუეზე დებენ. ცხადია, მსგავსი საქმიანობა მძიმე მარცხისთვის იქნება განწირული. ფაქტია, თანამედროვე დემოკრატიები დგანან გამჭვირვალობის გამოწვევის წინაშე. მსგავსი ინიციატივა ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში როცა ინიცირდება, ასევე, თანხმდებიან ის პარტიები, რომლებიც კენჭს იყრიან ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში და მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში ევროპის მიღმაც, ფაქტია, რომ მსგავსი ინიციატივა ჩვენს ქვეყანაშიცაა მნიშვნელოვანი.

ვინც მას ეწინააღმდეგება, ან დეზინფორმაციის ქვეშ იმყოფება, ან განგებ ცდილობს, გარკვეული პროვოცირება მოახდინოს არეულობების, რადგან ისინი დემოკრატიულ პროცესებში შანსის გარეშე არიან. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ იცის, რამდენად საჭიროა ეს ინიციატივა, კარგად ესმის გამჭვირვალეობის მნიშვნელობა, ამ ღირებულების მატარებელი არიან. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქცევა კანონად, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.