რატი იონათამიშვილი - ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად ცივილიზებულია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია და სირცხვილი არა შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ამის დამალვაა
რატი იონათამიშვილი - ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად ცივილიზებულია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია და სირცხვილი არა შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ამის დამალვაა

ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად ცივილიზებულია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია და სირცხვილი არა შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ამის დამალვაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

რატი იონათამიშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ თემის ირგვლივ წარმოუდგენელი აჟიოტაჟია შექმნილი და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ნოდარ ვაშაძის გარშემო ასეთი ბუნდოვანების შექმნა.

„მთელი კამპანიის განმავლობაში ხშირად ვხედავდით, რომ მედია გრიგოლ ვაშაძეს კითხვას უსვამდა შვილის მოქალაქეობაზე და იმის შესახებ, იცოდა თუ არა მან ქართული ენა. ბატონი გრიგოლი ამ კითხვებს არ პასუხობდა.

აქამდე, სატელევიზიო სიუჟეტებიდან მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ნოდარ ვაშაძე საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ მამის ბიზნესში იყო ჩართული.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის შვილმა ნოდარ ვაშაძე დებატში მიიწვია, სოციალურ ქსელში უამრავი აზრი წავიკითხე, თითქოსდა საკითხის „დელიკატურობა“ და „გასაიდუმლოება“ იმით არის გამოწვეული, რომ ნოდარ ვაშაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ამ თემაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოება იმაზე მეტად ცივილიზებულია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია და სირცხვილი არა შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ ამის მალვაა!

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ათასობით ადამიანი ვცხოვრობთ და არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი ფიქრობდეს, რომ ეს „უხერხულია“. პირიქით, ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები ამაყობენ ჩვენი სიმამაცით!

პ.ს. ბატონო გრიგოლ, როცა მთავარ მეთოდად იმას იყენებთ, რომ სხვას თქვენს მიერ ჩადენილი დააბრალოთ და როცა მთელი კამპანიის განმავლობაში სალომეს ქართულს უწუნებდით, რატომ გიკვირთ, თქვენც თუ გკითხავენ – იცის თუ არა თქვენმა შვილმა ქართული“, – წერს რატი იონათამიშვილი.