რატი იონათამიშვილი - ჩვენი სამართალდამცავები მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს
რატი იონათამიშვილი - ჩვენი სამართალდამცავები მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს

თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, ევროპული დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიები არ არსებობს, თუ სამართალდამცავი უწყებები ძლიერები არ არიან და დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიციელები, სამართალდამცავები თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით იცავენ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილის თქმით, სამართალდამცავებს თითოეული მოქალაქისგან შესაბამისი, ანალოგიური პატივისცემა სჭირდებათ, რადგან ისინი 24 საათის განმავლობაში ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ, რომ მოსახლეობამ მშვიდად აკეთოს ის საქმე, რაც აუცილებელია ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისთვის.

„არასდროს არაფერს არ ვაპატიებთ, როდესაც ვინმე უშვერი და ღირსების შემლახავი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება. ოპოზიციამ დღესაც უკადრებელი იკადრა. მათ, ფაქტობრივად, საკუთარი პოლიტიკური მაქსიმუმი აჩვენეს ჩვენს საზოგადოებას და მათი პოლიტიკური მაქსიმუმი ისევ სიძულვილი და დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი და ფარისევლობაა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა.

„იცით, ვინ არის ყველაზე დიდი დონორი ქართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობის და რეაბილიტაციის? რამდენიმე სტატისტიკურ მაგალითს მოვიყვან. 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ 81 ეკლესია-მონასტერს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 2009 წელს – 103 ნაგებობის რესტავრაცია განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ“ ფონდის მიერ, 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 112 შეადგენს. მხოლოდ ამ სამი წლის მაგალითი მოვიყვანე. ესეც აჩვენებს, რომ ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ არიან დიდი ფარისევლები და მატყუარები, ძალიან დიდი უმადურებიც არიან და ეს ჩვენ არც გვიკვირს. არ გვიკვირს, ვინაიდან მათ ბელადად უთვისტომო ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ, რომელიც ხან ქართველია, ხან უკრაინელი. სინამდვილეში არც უკრაინელია, არც ქართველი და არის უსამშობლო ადამიანი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის ფასად დიდი სიამოვნებით ხელს მოაწეროს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის განადგურებას. არ მოუწერია, არ უკადრია თუ როგორ? და ამისი არაერთი ფაქტი არსებობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.