რატი იონათამიშვილი - ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის არის უკეთესი
რატი იონათამიშვილი - ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის არის უკეთესი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებების თაობაზე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს.

იონათამიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ უსმენს ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს ისე, როგორც ქართული საზოგადოებისთვის არის უკეთესი.

ამავდროულად, რატი იონათამიშვილი ამბობს, როცა ქვეყანას ეხება საქმე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებით შანტაჟს აზრი არ აქვს.

„ვეუბნებით ამ ადამიანებს, გვითხრან კონკრეტული არგუმენტები, მაგრამ არგუმენტებსაც არ ამბობენ, ამბობენ, უბრალოდ, არ მოსწონთ და მორჩა. ეს ვერ იქნება არგუმენტი, ჩვენი მხრიდან სერიოზულად მიღებული. ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის არის უკეთესი. რაც შეეხება სანქციების თემას, ერთი მხრივ, ეს ხელოვნურია, მაგრამ, მეორე მხრივ, არაფორმალურად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე. არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. ცხადია, თუ ვერ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ როდესაც ქვეყნის და ერის საქმეს ეხება საქმე, მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს. შესაბამისად, სპეკულაცია, მანიპულაცია გავლენას ვერ მოახდენს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღოთ და დავიცვათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამავდროულად, აქციებთან დაკავშირებით იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ორმაგი სტანდარტის განცხადებები კეთდება საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ეს უკარგავს ნდობას გარკვეულ ინსტიტუტებს.

„როდესაც ხდება პირდაპირი ძალადობა, საუბარია, თითქოს აქცია მშვიდობიანი არის, მათ შორის ძალადობაა არა მარტო სამართალდამცველების, არამედ მედიის მიმართ, საზოგადოების წევრების მიმართაც კი. ამასაც კადრულობენ და შემდეგ მსგავსი საუბრები, ვფიქრობ, სულ მცირე, უხერხულია. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ამიტომ ყველას ვალდებულებაა, არ იყოს პოლარიზაციის მონაწილე, არამედ გააკეთოს ის განცხადება, რაც მნიშვნელოვანია ზუსტად ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.