რატი იონათამიშვილი - ჩვენ უფრო მეტად გავაგრძელებთ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, რომ შედგეს შეთანხმება, „ქართული ოცნება“ ამისთვის ყოველთვის მზად იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, კრისტიან დანიელსონის ბოლო ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა საზოგადოებისთვის, რომელ პოლიტიკურ პარტიას როგორი პასუხისმგებლობა და დამოკიდებულებით აქვს მოლაპარაკებისადმი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ესხმის, უწოდებს მას ხან ფარატინა ფურცელს, ხან კოჭლ ვერსიას, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა დადგეს შეთანხმების შემდეგ. ეს განგვასხვავეს ჩვენ და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ შედგეს შეთანხმება, „ქართული ოცნება“ ამისთვის ყოველთვის მზად იქნება.
ამ შემთხვევაში ჩვენი სტრატრგიული პარტნიორების ინტერესი არ ნელდება ამ პროცესისადმი და მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჩართულობა საბოლოოდ მაინც გამოიტანს შედეგს. ასევე, ამ პროცესების ხელის შეშლა და უარის თქმა არის პირდაპირ რუსული საქმის კეთება ჩვენს ქვეყანაში და რუსული რბილი ძალის გამოყენება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში კარგად უნდა გაათვიცნობიერონ, არ უნდა ჩადგნენ რუსული ინტერესების სამსახურში და მიიღონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა
ამასთან, ონათამიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ პირდაპირი და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით, როდესაც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს თვითმართველობის არჩევნები.
„ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება, რათა არჩევნებისთვის მაქსიმალურად ვიყოთ მზად, მოტივირებული და როგორც ჩვენ უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის საჭიროებები, პრობლემები და მოხდეს ამისი ანალიზი, ასევე მათ იცოდნენ ჩვენი მიზნებისა და გეგმების შესახებ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის განმარტებით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული იყვნენ საქმეზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს სოციალური და ეონომიკური პრობლემები, რომლის გადაჭრის ვალდებულებაც გვაქვს ჩვენ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა მთავარი დღის წესრიგი არის ზუსტად ამ საკითხებზე მსჯელობა და არა მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობის არსებობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.