რატი იონათამიშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ექსტრადირებაზე იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია
რატი იონათამიშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ექსტრადირებაზე იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია

ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სუმბაევის მხარის პოზიცია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს ამ საქმის გამოყენებას.

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სუმბაევის მხარის პოზიცია. არ მიკვირს, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს თუნდაც ამ საქმის გამოყენებას, ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ორმაგი სტანდარტი გააჩნიათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართ, რაც ევროპული ღირებულებების მიმართ ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ამ საქმესთან დაკავშირებით, ზუსტად თუ ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების მხრივ , გადამწყვეტია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად სცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება, სხვა მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპონენტების მხრიდან, მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე როგორც სტრასბურგის სასამართლოს , ასევე ევროპული სასამართლოების მიმართ“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალად თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს.