რატი იონათამიშვილი - ჩემთვის მიუღებელია ადამიანები, რომლებიც ოკუპაციაზე განსხვავებული აზრის არიან, მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ორმაგი სტანდარტი
რატი იონათამიშვილი - ჩემთვის მიუღებელია ადამიანები, რომლებიც ოკუპაციაზე განსხვავებული აზრის არიან, მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ორმაგი სტანდარტი

რუსეთის სათათბიროს სპიკერს ვურჩევ, საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის უსაფრთხოება დაცულია.

„რუსეთის სათათბიროს სპიკერს ვურჩევ, საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნოს. ასევე იზრუნოს იმაზე, რომ რუსეთი საერთაშორისო სასამართლოების მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, მათ შორის იმას, რომელიც საქართველომ რუსეთს მოუგო. ამაზე გააკეთოს ფოკუსირება, თუ უნდა საკუთარი ქვეყანა დღეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყოს. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის უსაფრთხოება დაცულია და ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის ამის გარანტი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, ოკუპაციაზე განსხვავებული აზრის მქონე არც ერთი ადამიანი მისთვის მისაღები არ არის, თუმცა ორმაგი სტანდარტიც აღმაშფოთებელია.

„ადამიანები, რომლებიც ოკუპაციაზე განსხვავებული აზრის არიან, ჩემთვის არც ერთი ასეთი პიროვნება მიღებული არ არის, მაგრამ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ორმაგი სტანდარტი, ფსევდოპატრიოტიზმის კლიშეთი. ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნატო ჩხეიძე ანუ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან რუსეთის ხელისუფლებასთან, სიხარულით ხვდებიან კალაშნიკოვებს, ეახლებიან პუტინს და მათთან ერთად დგომა დისკომფორტს არ უქმნით, მეორეს მხრივ, ასეთი აგრესიულობით გამოირჩევიან, აქ გულწრფელობის ძალიან სერიოზული პრობლემაა. სინამდვილეში, აქ ეროვნული მოტივები არაფერ შუაშია, აქ სრულიად სხვა დესტრუქციის მიზნებია. ამ ადამიანებს უნდათ, მუდმივად რყევების ქვეშ იყოს ქვეყანა და ამის იქით არ აინტერესებთ არც ქვეყნის ბედი და არც ჩვენი საზოგადოების დღევანდელი გამოწვევები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობისას განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის წინა პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად სახიფათოა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა.