რატი იონათამიშვილი - ცალკეული პირები, ორგანიზაციები როცა შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის კონსტიტუციას, მიზანშეწონილია, გარკვეული ვალდებულებები გაჩნდეს, კონსტიტუციას სახელმწიფოს მხრიდან დაცვა სჭირდება
რატი იონათამიშვილი - ცალკეული პირები, ორგანიზაციები როცა შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის კონსტიტუციას, მიზანშეწონილია, გარკვეული ვალდებულებები გაჩნდეს, კონსტიტუციას სახელმწიფოს მხრიდან დაცვა სჭირდება

კონსტიტუცია არის არა მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტია, არამედ მისი ეროვნული დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცველი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს, რა შეფასებას გააკეთებდა „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე, რომ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ.

იონათამიშვილის თქმით, „ცალკეული პირები და ორგანიზაციები როცა უხეშად არღვევენ და შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის კონსტიტუციას, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს, მიზანშეწონილია, გარკვეული ვალდებულებებიც გაჩნდეს“.

„კონსტიტუციას მიზანმიმართულად და შეგნებულად ვინც ლახავს, ის ცდილობს, ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პრინციპებს ძირი გამოუთხაროს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ აღნიშნულ საკითხზე ასევე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ვაწესრიგებთ ყველა იმ საკითხს, რასაც, ვაკვირდებით, რომ პრობლემური ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. იდეა არის, რომ თავისი სახელი დაერქვას ექსტრემიზმს, ექსტრემისტულ მიდგომებს. ამ მხრივ მაგალითი გვაქვს გერმანიის შემთხვევაში, სადაც, ფაქტობრივად, იდენტური ვითარებაა. თანამედროვე სამყაროში ექსტრემიზმი არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის, ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება“.