რატი იონათამიშვილი - აუტიზმის პროგრამის გაფართოება და გაფანტული სკლეროზის პროგრამის დაწყება არის მაგალითი, როგორ ზრუნავს ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე
რატი იონათამიშვილი - აუტიზმის პროგრამის გაფართოება და გაფანტული სკლეროზის პროგრამის დაწყება არის მაგალითი, როგორ ზრუნავს ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე

თბილისის მერიაში აუტიზმის პროგრამის გაფართოება და გაფანტული სკლეროზის ახალი პროგრამის დაწყება არის იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირთა აბილიტაციის პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და წელს დამატებით, 230 ბავშვი და მოზარდი მიიღებს შესაბამის სერვისს.

„ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ როცა სხვადასხვა კატეგორიის შშმ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციისა და აბილიტაციის პროგრამებზე ვსაუბრობთ, არ გვქონდეს მომლოდინეთა სიები. ყველა არასრულწლოვანმა დროულად უნდა მიიღოს ისეთი სოციალური სერვისი, როგორიც მას სჭირდება. სწორედ ამ პრინციპების დაცვას ემსახურება კახა კალაძის დღევანდელი გადაწყვეტილება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერია იწყებს გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამას. პირველად ხდება, რომ გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ სახელმწიფო კონკრეტულ პროგრამას ქმნის. დარწმუნებული ვარ, როგორც თავის დროზე, აუტიზმის პროგრამის შემთხვვევაში იყო, გაფანტული სკლეროზის მკურნალობაც სახელმძღვანელო პროგრამა გახდება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო დგას მათ გვერდით და არასდროს დატოვებს პრობლემებთან მარტო, სწორედ ამ მიდგომების რეალობაში მოყვანას ემსახურება კახა კალაძის დღევანდელი ინიციატივები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს. ამასთან, მისივე თქმით, ფართოვდება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“.