რატი იონათამიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს 
რატი იონათამიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი იმ 13 არასამთავრობო ორგანიზაციას გამოეხმაურა, რომელთა განცხადებით, ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ განცხადებით თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს.

„არასამთავრობოებმა ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არ ელოდებიან არც გამოძიებას, არც პროკურატურას, არც სასამართლოს და ეს არის განსაკუთრებით სამწუხარო, მით უმეტეს როცა აქვთ პრეტენზია, რომ პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს არგუმენტებით – სამართლებრივ ჩარჩოებში. ამ ქმედებით მათ ასიამოვნეს თავიანთ ლიდერს სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს. მაგრამ ჩვენ ეს სცენარი ნანახი გვაქვს და არც გვიკვირს, რადგან ამ ორგანიზაციების ლიდერი ეკა გიგაური გამოირჩევა 2007 წლის 7 ნოემბერს დარბევასთან დაკავშირებით. გუშინაც ვნახეთ, რომ ისინი სინქრონირებულად მოქმედებენ, რადგან სააკაშვილი ლამის გენპროკურორობას დაჰპირდა ეკა გიგაურს. სამწუხაროა, რომ სხვა ორგანიზაციებიც ამის ნაწილი ხდებიან. სააკაშვილის re-make ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ბრიტანეთში საექსპერტო ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვით, რამდენიმე აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული და გაერთიანებულია.

„არც გვიკვირს ეს ფაქტი და მოსალოდნელიც იყო. მათ მონტაჟი და ფაქტების ფაბრიკაცია კარგად იციან და ფაქტია, რომ იგივე მეთოდებით მოქმედებენ, რითაც თავი დაგვამახსოვრეს იმ წლების მანძილზე, როცა მართავდნენ საქართველოს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ვერ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, რომ ასეთი ინსტრუმენტები საზოგადოებაში არასდროს დადებითად არ აღიქმება და ავნებს მის ავტორებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.